მამუკა ბახტაძე - მსურს, ყველა ქართველს მოვუწოდო, მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში
მუცო არის სიამაყის საგანი საქართველოსთვის და ამავე დროს, არის სიამაყე მსოფლიო კულტურისა და ევროპული ცივილიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მუცოში განაცხადა, სადაც დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პრემიერის თქმით, მუცოს გადარჩენის პროგრამა, რომელიც 2016 წელს ფონდ „ქართუს“ დახმარებით დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს.
„ჩვენ ვიმყოფებით ციხესიმაგრე მუცოში, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის არის სიამაყის საგანი. მუცო რამდენიმე წლის წინ იყო განადგურების პირას და ჩვენ დავიწყეთ მისი რეაბილიტაცია. 2016 წელს ფონდ „ქართუს“ დახმარებით დავიწყეთ მუცოს გადარჩენის პროგრამა და ის წარმატებით მიმდინარეობს. მეტიც, მინდა, ყველას მოგილოცოთ, ევროპაში გამართული კონკურსის შედეგად მუცო საუკეთესო 16 პროექტს შორის მოხვდა. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ ვიაქტიუროთ ინტერნეტში, რადგან მუცო წარდგენილია მთავარ პრიზზე და მას ეკუთვნის ეს წარმატება.
მე დღეს მოვდივარ არხოტიდან, ულამაზესი ხეობიდან და ვარ ბედნიერი. გავიცანი ორი ულამაზესი წყვილი. ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შექმნეს ქართული ოჯახები და ისინი იცხოვრებენ თავიანთ მამა-პაპისეულ მიწაზე. ეს არის დიდი გამარჯვება“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთის განვითარების პროგრამის მიმართ ბევრი სკეპტიციზმი იყო და მთავარი გამარჯვებაა, რომ ქართველი ახალგაზრდები, რომელთა ფესვები აღნიშნული ულამაზესი რეგიონიდანაა, თავიანთი წინაპრების მიწაზე ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებენ.
პრემიერის თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათ შესაბამისი პირობები შეუქმნას.
„ჩვენ უკვე ვაშენებთ არხოტისკენ მიმავალ გზას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რელიეფის მქონე ადგილი. ამასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროგრამა ყველგან, მალე ინტერნეტი იქნება ყველგან – გუდამაყრის ხეობაში, ამავე დროს, შატილის თემში, მუცოში, არხოტის ხეობაში. ძალიან დიდი პრობლემა დგას აქ ყოველთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიამ, როგორც დიდმა ქართველმა მამულიშვილმა, დაინახა ამ უნიკალური ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობა და სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც დაიწყო მცირე ჰესის მშენებლობა არხოტის ხეობაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი საქმე. სულ მალე, ხეობაში იქნება აშენებული ახალი მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ყველას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს აღნიშნულ კუთხეს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი, მთავარია, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდეთ ყველანაირი წინაპირობა, რომ განავითარონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და იქ ჩავა ძალიან ბევრი ტურისტი.
„მინდა, ვისაუბრო სოფელ ამღაზე. ეს არის საოცარი ადგილი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ჩვენი ვალდებულებაა, აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. უკვე გავითვალისწინეთ მომავალი წლის ბიუჯეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფელ ამღაში 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგეგობა აღდგება.
რაც შეეხება მუცოს, „ქართუს“ დახმარებით 16 კოშკი უკვე აღდგენილია. ეს იყო ხუთ წლიანი პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მსურს, ყველა ქართველს მოვუწოდო – მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში, ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ცემს, ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.
ამასთან, პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ შეინარჩუნეს მთა, ქართული ტრადიციები, კულტურული ძეგლები.
„მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობის, რითიც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და ამიტომ მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს. გპირდებით, ყველა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტს, რომელიც დავიწყეთ, აუცილებლად დავასრულებთ უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენი მთავარი მიზანია, პირველ რიგში, თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და აქ განავითაროთ ეკონომიკური საქმიანობა. თქვენს ულამაზეს კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ ამ პოტენციალის რეალიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მუცომდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არხოტის ხეობაში იმყოფებოდა.