საქართველოს ფინანსთა მინისტრი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და სირილ მიულერმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. მხარეებმა იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სუვერენული დაფინანსება საქართველოში წარმოადგენს, დაახლოებით, 3 მილიარდ აშშ დოლარს, საიდანაც მეოთხედი მთავრობის რეფორმების მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსია. ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 774 მილიონი აშშ დოლარია.