მამუკა ბახტაძე - მშპ-სთან მიმართებაში სამთავრობო ხარჯების ზედა ზღვარი 3,9 პროცენტი უნდა იყოს და მომავალი წლის ბიუჯეტი ამ ორიენტირის მიხედვით დაიგეგმოს 
მამუკა ბახტაძე - მშპ-სთან მიმართებაში სამთავრობო ხარჯების ზედა ზღვარი 3,9 პროცენტი უნდა იყოს და მომავალი წლის ბიუჯეტი ამ ორიენტირის მიხედვით დაიგეგმოს 

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სამთავრობო ხარჯების 3,9 პროცენტამდე შემცირება ის ზღვარია, რითაც წარმატებული ეკონომიკა იმართება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა.

მისი თქმით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, სამთავრობო ხარჯები შემცირდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად 3,9 პროცენტზე ჩამოვა.

„ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, საერთაშორისო გამოცდილება. სწორედ ეს არის ის ზღვარი, რითაც წარმატებული ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი ზომა დიდი არ იყოს, იმართება. აქედან გამომდინარე, ავიღეთ აღნიშნული ორიენტირი ჩვენთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, 3,9 პროცენტი უნდა იყოს ზედა ზღვარი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ ორიენტირის მიხედვით უნდა დაიგეგმოს.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.