მამუკა ბახტაძე - მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით, სასამართლოები მცირე დავებისგან გათავისუფლდებიან
იუსტიციის სამინისტროს შემოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ახალ ინსტიტუტსა და ახალ კულტურას ჩამოაყალიბებს, ეს არის მედიაციის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით, სასამართლოები მცირე დავებისგან გათავისუფლდებიან და მედიაციის გზით დავები მაქსიმალურად მოკლედ დროში გადაიჭრება.
„იუსტიციის სამინისტროს შემოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ახალ ინსტიტუტსა და ახალ კულტურას ჩამოაყალიბებს, ეს არის მედიაციის ინსტიტუტი. დღეს ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემად მიიჩნევს პროცესის ხანგრძლივობას, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით, სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისგან და შესაბამისად, ეს აისახება იმაზე, რომ დავების გადაჭრა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.