მამუკა ბახტაძე - ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია
მამუკა ბახტაძე - ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია

მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს – ე.წ. ლომბარდებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც ყველა დაგირავებული ნივთი აღირიცხება, – ამას ფინანსთა სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

მისი განმარტებით, ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის კავშირი იკვეთება. ხშირად, ნაქურდალ ნივთებს აბარებენ ლომბარდში. კომპიუტერული აღრიცხვის პროგრამის დანერგვით კი, ლომბარდები ვალდებული იქნებიან აღრიცხონ ყველა ქონება, რომელიც მათთან მოქალაქეებს დასალომბარდებლად მიაქვთ.

„სამწუხაროდ, ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის კავშირი იკვეთება. როდესაც კრიმინალური ფაქტი, სხვადასხვა ნივთის ქურდობა ხდება, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთები მიაქვთ ლომბარდში. ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ სფეროში საქმიანობა გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ვამბობთ – თუ გსურთ ამ ბიზნესში დარჩენა, უნდა გახდეთ ტრანსპარანტული. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერული სისტემის დანერგვის შემდეგ, როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად უნდა აღირიცხოს ელექტრონულად, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ საშუალება აკონტროლონ, რა ტიპის ნივთი მიდის ლომბარდში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, თუ აღმოჩნდა, რომ ნივთი ნაქურდალია, შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები განხორციელდება.

„ვინაიდან, დღეს ეს სექტორი არ არის ტრანსპარენტული და არ მოქმედებს მასზე რეგულაციები, კრიმინალი იყენებს თავისი მოპარული ქონების რეალიზაციის მექანიზმად. ეს არის პრინციპულად მიუღებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მოსაზრება, რომ ახალი რეგულაციის დაწესების შემდეგ აღნიშნული პროცესები, შესაძლოა, ე.წ. შავ ბაზარზე გადავიდეს, არ არის სწორი, ვინაიდან მისივე თქმით, ბიზნეს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში კი არ იკრძალება, არამედ დაიშვება გამჭვირვალედ და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივები მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა. ინიციატივა ლომბარდებთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეს ითვალისწინებს – იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.