მამუკა ბახტაძე - ხელისუფლების პრიორიტეტია, საქართველოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება, თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ ცხოვრების თანაბარი პირობები
მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება, შესაბამისად, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის შევქმნათ ცხოვრების თანაბარი პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წნორში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორებიც არის განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა.
„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორებიც არის განათლება, ჯანდაცვა და რა თქმა უნდა სოციალური ინფრასტრუქტურა. ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფო სერვისზე. ამ მიმართულებით ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ წინ და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღეც არის ამის ნათელი დადასტურება.
დღეს წნორში ვხსნით საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველჰყოფს ზუსტად ისეთივე ხარისხის სერვისებს, როგორიც არის ჩვენს დიდ ქალაქებში.
ამავე დროს, გათვალისწინებული იქნა თქვენი მოთხოვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს დამატებული ამ ცენტრს, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული. დღეიდან წნორელებს საშუალება გექნებათ, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღოთ როგორიც გახლავთ პირადობის დამადასტურებელი საბუთის აღება, ეროვნულ არქივზე წვდომა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისები, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები და ბევრი სხვა.
ასევე სასიხარულოა, რომ კერძო სექტორიც წარმოდგენილი იქნება ამ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვისაც არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე, მათ შორის ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის.
კარგია, რომ ამავე დროს იქნება შეხვედრების დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დღეიდან წნორში მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჩატარდეს.
2013 წლიდან ჩვენ თითქმის 60 მსგავსი ცენტრი გვაქვს საქართველოს მასშტაბით გახსნილი და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ცენტრი გაიხსნება. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ამ ობიექტის გახსნა და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა. ის ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.