პრემიერ-მინისტრმა კახეთში მე-10 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა კახეთში მე-10 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას წნორის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცეს.

წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა. ის ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ. აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით.

ამასთან, როგორც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების ფილიალები. მათივე ცნობით, პენსიონერებს საშუალება ეძლევათ,  ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია.

„ასევე, მოსახლეობას შეუძლია, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით ისარგებლოს.

მომსახურების ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია, ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებულნი იყვნენ

ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წნორის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.