მამუკა ბახტაძე - ხარჯების 3.9 პროცენტამდე შემცირებით, ორი წლის განმავლობაში, სოციალური პროგრამებისთვის 200-250 მილიონ ლარამდე თანხა გამოთავისუფლდება
ეკონომიკას და გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვა ნაკლები უნდა უჯდებოდეთ, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თანხების გამოთავისუფლება არ მოხდება.
„ვფიქრობ, მათემატიკა არ არის საგანი, რაზეც უნდა იყოს დისკუსია. მესმის, პოლიტიკაში სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ორჯერ ორი ოთხი არ არის.
ჩვენ ვამბობთ, სახელმწიფოს ზომა დღევანდელ დღესთან შედარებით მთლიან ეკონომიკაში, რაც უჯდება ეკონომიკას სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვა, შემცირდება და ჩამოვა დღეს არსებული ნიშნულიდან 3,9 პროცენტზე. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს, მათ შორის ადმინისტრაციული და ე.წ. ზედნადების ხარჯების შემცირებასაც, მაგრამ ზოგადად, ამ ყველაფრის მთავარი მოტივი არის, რომ ეკონომიკას და გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვა ნაკლები უჯდებოდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი შეფასებით, ხარჯის 3.9 პროცენტამდე შემცირება საკმარისი იქნება, რომ სახელმწიფომ გააუმჯობესოს სერვისები, რასაც მოსახლეობას აწვდის, გააუმჯობესოს ოპერატიულობა და გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი და ვადები.
„თუ 3,9 პროცენტს ავიღებთ ორიენტირად და ბიუჯეტები ასე დაიგეგმება, ორი წლის განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ 200-დან 250 მილიონ ლარამდე თანხის გამოთავისუფლებას სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, როგორც პრემიერი ამბობს, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება, მათ შორის პარლამენტთან.