საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მე-8 ქართულ-გერმანული სემინარის ფარგლებში იმყოფებიან. სემინარი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი განათლების ახალ რეფორმას შეეხო და ხაზი გაესვა რეფორმის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა გერმანელ მეცნიერებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობის გეგმები გააცნო. აღინიშნა, რომ განათლება არის საქართველოს მთავრობის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს რეფორმის პროცესში იულიხის პროფესორების ჩართვის შესაძლებლობასა და ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარებაზე. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ იულიხის კვლევითი ცენტრი აქტიურ როლს შეასრულებს საქართველოში განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულებით.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო იულიხის კვლევითი ცენტრის პროექტებს საქართველოში. უახლოეს მომავალში კვლევითი ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ნეიროსამედიცინო კვლევებთან დაკავშირებული ლაბორატორია გაიხსნება. ამასთან, თსუ-სა და იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, იულიხში ჩავიდნენ და ფუნდამენტურ მეცნიერებებს გაეცნონ.
კვლევითი ცენტრი საქართველოში 2004 წლიდან მუშაობს. საქართველოში უკვე იულიხში არსებული ლაბორატორიის ორი ანალოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.