საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.
„რეფორმები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა, აგრეთვე არსებული ინიციატივები ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ითქვა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის ტემპს გაზრდის“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ზრდის აქცენტებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე – მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე. აგრეთვე, განათლების სისტემაზე – განსაკუთრებით კი, პროფესიული განათლების ნაწილში.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებითაც იწყებს პროგრამების განხორციელებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარების გზაზე და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.
შეხვედრისას აგრეთვე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და პოზიტიურად შეფასდა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
შეხვედრისას საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ნაწილში მნიშვნელოვნად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც მიმდინარე წლის 18-20 ივლისაა დაგეგმილი.