მამუკა ბახტაძე - გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ ფრანკფურტელებს და ქალაქის სტუმრებს გასაოცარ ისტორიას უყვება
მამუკა ბახტაძე - გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ ფრანკფურტელებს და ქალაქის სტუმრებს გასაოცარ ისტორიას უყვება

დღეს გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ თავის გასაოცარ ისტორიას უყვება ფრანკფურტელებსა და ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ყველა სტუმარს უზიარებს თავის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ლიტერატურასა და ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის მერიაში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მის პატივსაცემად ფრანკფურტის მერ პეტერ ფელდმანის სახელით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას წიგნის ბაზრობაში, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში ფრანკფურტს აქცევს მსოფლიოს ინტელექტუალურ ცენტრად, სადაც თავს იყრიან მწერლები, ავტორები, გამომცემლები თუ უბრალოდ ლიტერატურის მოყვარული ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს ამბავი მოგვეყოლა ქართული ანბანის 33 ასო-ნიშნით. სწორედ ქართულ ანბანზე იქმნებოდა და უწყვეტად ვითარდებოდა ქართული ლიტერატურა საუკუნეების განმავლობაში. მჯერა, რომ ქართულ ლიტერატურასა და კულტურას თავისი მრავალფეროვნებითა და ინტელექტუალური რესურსით შესწევს უნარი, ღირსეული ადგილი დაუმკვიდროს საქართველოს მსოფლიო კულტურის რუკაზე. საქართველოს ღირსეული წარმოჩენა ამ სფეროში ევროპის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე, ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყანას, ხელს შეუწყობს საქართველოში საგამომცემლო სექტორისა და წიგნის ინდუსტრიის განვითარებას, საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას, საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ამ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში. ვფიქრობ, ლიტერატურა და საგამომცემლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის ორასწლოვან ურთიერთობას, რომელიც ორივე ქვეყანაში წელს მთელი წლის განმავლობაში აღინიშნებოდა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ კულტურის სფეროთი არ შემოიფარგლება. მთავრობის მეთაურის თქმით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერად ვითარდება თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროებში.

“ამ მრავალეროვან ქალაქში ჩვენი თანამემამულეებიც ცხოვრობენ. დღეს ჩვენთან ერთად არიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში. ფრანკფურტის გოეთეს სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეისთვის 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს. ამ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის ფაკულტეტი. მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისათვის, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი მუდამ გრძნობს გერმანიისა და გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი აქტიური და მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს უწევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ასევე გერმანიის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის მოსამზადებელ პროცესში. ვიცი, რომ ეს მართლაც ტიტანური შრომა იყო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის, იურგენ ბოსისა და მისი გუნდის განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომელსაც ქართული მხარე მუდმივად გრძნობდა ამ ფორუმის მომზადების პროცესში.

“კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს ქართველი ერის სახელით. მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა მიამბო ამ უნიკალური ტრადიციის შესახებ, რომელიც თქვენ ამ ძალიან ლამაზ ქალაქში გაქვთ. ჩემი ოცნება გახლდათ, მონაწილეობა მიმეღო ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის რანგშია წარმოდგენილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მრავალფეროვან კულტურაზე გაამახვილა ყურადღება ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა და აღნიშნა, რომ ქართული ანბანი არის შედევრი, რომელიც იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის უდიდესი პატივია გიმასპინძლოთ ფრანკფურტის მერიის იმპერატორთა დარბაზში, ჩვენს ყველაზე ცნობილ დარბაზში, სადაც ყოველთვის საპატიო სტუმრებს ვმასპინძლობთ და მათ შორის არიან წიგნის ფესტივალის სტუმრები. კეთილი იყოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა. ეს არის უმნიშვნელოვნესი მოვლენა. პრეზენტაციის მთავარი თემაა ქართული ანბანი და მისი 33 ასო-ბგერა, რომლითაც ჩვენი სტუმარი ქართველი მწერლები გამოხატავენ საკუთარ თავებს. ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ვიცი, რომ მრავალფეროვანი ლუტერატურული და კულტურული პროგრამა ჩამოგვიტანეთ. საპატიო სტუმრის პროგრამა წიგნის ფესტივალის სტუმრებს აძლევს საშუალებას, ჩაუღრმავდნენ მის კულტურას. საქართველოს უკვე ფართო საზოგადოება იცნობს. ეს არის მშვენიერი ბუნების ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხით. მოხარული ვართ, რომ გმასპინძლობთ გამოფენაზე, რომელმაც 1480 წლიდან თავი დაიმკვიდრა, როგორც უმნიშვნელოვანესმა ღონისძიებამ, რომლის ფარგლებში ასევე იყიდება წიგნები და ეწყობა ბევრი აქტივობა, მათ შორის ავტორების, გამომცემლების ჩართულობით. ქართული პავილიონის ყველა სტუმარს ვუსურვებ, მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს წიგნებს და მიიღოს დიდი სიამოვნება”, – განაცხადა ფრანკფურტის მერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის მერიის საპატიო სტუმართა ოქროს წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. პრემიერის პატივსაცემად გამართულ მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თბილისის მერი კახა კალაზე დაესწრნენ.