ავიაკომპანია „კონდორ ეარლაინსმა“ ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ავიაკომპანია „კონდორ ეარლაინსმა“ ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ფრენები დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ, „კონდორ ეარლაინსმა“ (Condor Airlines) დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

„კონდორ ეარლაინსი“ პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. პირველი რეისით 140-მდე მგზავრი ჩამოფრინდა საქართველოში.

პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა“ და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ავიაკომპანიამ პირველი რეისი განახორციელა ფრანკფურტსა და თბილისს შორის. ეს რეისები მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი მიმართულების კუთხით, ანუ ფრანკფურტსა და თბილისს შორის არსებული საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების არსებობით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც, რადგან ავიაკომპანია „კონდორი“ საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე და შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ამერიკის მიმართულებითაც იფრინონ ავიაკომპანია „კონდორით“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა.