მამუკა ბახტაძე - გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს ეკოლოგიური გამოწვევების დასაძლევად უმნიშვნელოვანესი იქნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ხელშესახები პროგრესის მიღწევაში დევიდ მორისონს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დევიდ მორისონი წარადგინა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევიდ მორისონი გარემოსდაცვით საზოგადოებაში ძალიან ცნობილი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების ფონდს ხელმძღვანელობდა.
„ამასთან ერთად, დევიდ მორისონი არის საკმაოდ ცნობადი სახე გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დევიდი ითანამშრომლებს ყველასთან – სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის და საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
„მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისკენ, სიღარიბესთან ეფექტური ბრძოლისა და ბუნების მომავალი თაობებისთვის გადაცემისკენ. აუცილებელია, ჩვენ გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტადარტები და ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის. ჯერ კიდევ შარშან, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადე, რომ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღწია მეტი ინკულიზურობისთვის, მეტი ჩართულობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას – ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების და ინტერესების იგნორირებამ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ამ შედეგებს ვებრძვით. საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რაშიც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება და ამ საქმიანობით დაკავებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დევიდ მორისონს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ახალი ინსტიტუტი მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შეიქმნა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება. ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე; ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.
გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენას ბოტანიკურ ბაღში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.