მამუკა ბახტაძე - განათლების რეფორმას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, დავდებთ საუკეთესო შედეგებს, რაც იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის
მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიება გახსნა.
მისი თქმით, ქვეყნის ევროპული სწრაფვის პარალელურად განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
„რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბიანი რეფორმა და განათლება საქართველოს განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ სწორედ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფის ევროპულ ოჯახში ადგილის დასაბრუნებლად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება განათლების მნიშვნელობა და ქვეყანაში განათლების მაღალი ევროპული სტანდარტის დამკვიდრება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა: ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლ-კარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა სხვადასხვა სექტორში.
„ჩემი შეფასებით და ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელოს, რაც მთავრობის პრიორიტეტია.
„როგორც მინიმუმ, მთლიან ეკონომიკაში განათლების სექტორის 10-11 პროცენტიან წილს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ განათლების რეფორმა რამდენიმე ფაზად დავყავით და საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა ფაზის დანერგვას დავასრულებთ, სწორედ ასე იქნება – განათლების სექტორი გახდება დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელსაც ექნება არანაკლები 10-11 პროცენტიანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას და სიახლეს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს. თუმცა, ყველას მიზანია, ქვეყანაში საუკეთესო განათლების სისტემა არსებობდეს.
„დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც – რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებისა და შედეგების, რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმა განხორციელდება, რომელიც ბევრ ცვლილებას გულისხმობს და როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოიცავს.