მამუკა ბახტაძე - განათლების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება, რათა სექტორი მზად იყოს მასშტაბური ინვესტიციების ეფექტურად ასათვისებლად
მამუკა ბახტაძე - განათლების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება, რათა სექტორი მზად იყოს მასშტაბური ინვესტიციების ეფექტურად ასათვისებლად

განათლების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება იმისთვის, რომ სექტორი მზად იყოს მასშტაბური ინვესტიციების ეფექტურად ასათვისებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

წამყვანის კითხვას, ხომ არ გაიზრდება განათლების დაფინანსება გადასახადების მატების ან რომელიმე სხვა სფეროს დაფინანსების შემცირების ხარჯზე, საქართველოს პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის 25 პროცენტი, რომლის გაზრდა არ იგეგმება.

მამუკა ბახტაძის თქმით, გამოსავალი არც სხვა რომელიმე სფეროს დაფინანსების შემცირებაშია.

„2019 წელს განათლების ბიუჯეტი არის 1,6 მილიარდი, რაც დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ ფაქტობრივად ჩამოშლილი განათლების სისტემა, რომლის დაფინანსება 600 მილიონ ლარს ოდნავ აღემატებოდა. ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური ვალდებულება და 2020 წელს განათლების ბიუჯეტი ორი მილიარდი ლარი გახდება, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტის მეოთხედს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით დაფინანსებას და არ შეგვიძლია ამის მყისიერად გაკეთება, ვინაიდან სექტორი უნდა იყოს მზად, მიიღოს ეს მასშტაბური ინვესტიციები და ის ეფექტურად აითვისოს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, 2022 წლისთვის იგეგმება ქვეყანაში ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს გამოათავისუფლებს და ის სწორედ განათლებაზე, მომავალ თაობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე მიიმართება.