მამუკა ბახტაძე - განათლება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა
განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც თბილისის სასულიერო აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლისთავს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. 30 წლის წინ ჩვენი პატრიარქის ინიციატივით კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც არის ღირსეული გამგრძელებელი ჩვენი გელათისა და იყალთოს აკადემიის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ქართული ეკლესია ისტორიის განმავლობაში იყო ქართველი ერის სულიერი აღზრდისა და ამავე დროს განათლების მიცემის მთავარი კერა.
„თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კარგად დავინახავთ, რომ სწორედ ქართულმა ეკლესიამ უზრუნველყო იმ ძალიან ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, რაც არსებობს სულიერ ცხოვრებას, განათლებასა და მეცნიერებას შორის. ჩვენი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ განათლება საქართველოში. როდესაც ამ ინიციატივით შემოვედით, პირველი რაც გავაკეთეთ, უწმინდესისგან მივიღეთ ლოცვა-კურთხევა ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების თაობაზე. ვფიქრობთ, სწორედ განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თბილისის სასულიერო აკადემია დღეს დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.