თბილისის სასულიერო აკადემია დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს
თბილისის სასულიერო აკადემია დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს

თბილისის სასულიერო აკადემია დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„დღეს აღვნიშნავთ სასულიერო აკადემიის 30 წლისთავს. იდეა უმაღლესი სასწავლებლისა წარმოიშვა დავით აღმაშენებელის დროს, როცა დაარსებული იყო გელათის აკადემია. დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა, იერუსალიმი თავისი სულიერებით და ათინა მაღალი მეცნიერებით.

უმაღლესი სასწავლებლის იდეა საქართველოში მუდამ იყო, თუმცა მისი განხორციელება ძნელი იყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ძალიან მძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ წარმოშვა იდეა, რომ გაიხსნას კურსები სასულიერი სასწავლებლის. ეს იყო ხრუშჩოვის პერიოდი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, რადგან მრავალი ტაძარი და მონასტერი დახურული იყო, გაუქმებული და დაკეტილი იყო სასულიერო სემინარია. ამ დროს ეფრემ მეორე ითხოვს ამ კურსების გახსნას. ამათ კურსები უმნიშვნელო საქმედ ჩათვალეს და უფლება მისცეს, გახსნილიყო. ეს კურსები გადაიზარდა სემინარიად და დადგა აკადემიის საკითხი. რელიგიის დარგში მთავრობის წარმომადგენელი ანზორ წიკლაური იყო, ისტორიკოსი ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოდან. მან დიდი ღვაწლი გასწია. მოსკოვი ამბობდა, თბილისია წინააღმდეგიო, თბილისი ამბობდა, მოსკოვი. წიკლაურმა იმუშავა და დაარწმუნა მოსკოვი, რომ თბილისი თანახმაა და თბილისი დაარწმუნა, რომ მოსკოვია თანახმა. ასე გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. გელათის აკადემიის შემდეგ, ეს იყო უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. ყველას მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ილია მეორემ.

შეხვედრას სასულიერო პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებიან.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.