მამუკა ბახტაძე - განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს
განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამ იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“ წერს.
ბახტაძე მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრობიდან წასვლას ეხმაურება. როგორც ბახტაძე აღნიშნავს, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდათ როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებით.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე.
სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი.
მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც. ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.
წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების – ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“,- აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.