მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები
მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ქეთევან წამებულის გამზირზე მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა.

„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ვალდებული ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.