შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში, გადაანგარიშების მოყვარულებმა ნახონ, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში, გადაანგარიშების მოყვარულებმა ნახონ, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს

მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„სხვათა შორის, ფრენებთან დაკავშირებით გამოხმაურებას თუ დავაკვირდებით, მათ შორის უცხოეთიდან, იქნება ეს ევროკავშირის თუ აშშ-ის განცხადებები, არავის არსად უთქვამს, რომ ამ ფრენების აღდგენით ირღვევა რომელიმე საერთაშორისო სანქცია. ეს არის ფაქტი. არცერთი სანქცია არ ირღვევა. მეორე, ხანდახან ცდილობენ ხოლმე, შემოიტანონ გარკვეული მორალური განზომილება, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და ახლა ყველა ცდილობს, ის იზოლაციაში მოაქციოს. შესაძლოა, ვინმესთვის რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან და ამ ქვეყნის აგრესორობის წელთაღრიცხვა აქედან იწყება, მაგრამ საქართველო წლებით ადრე მიხვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისი თქმით, ხშირად ისმის პრეტენზიები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე და ა.შ., მაგრამ უმჯობესია, ამ განცხადებების ავტორებმა საკუთარი ქვეყნების მდგომარეობას გადახედონ.

„სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ., მათ უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა ციფრებთან გვაქვს საქმე. მეორე მაგალითი – ჩვენი ექსპორტი, ძირითადად, არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია და შარშან, სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ლატვიამ რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთლიანი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ. ახლა საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს თუ ა.შ., სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დღემდე არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაშინ, როდესაც ის ყველას აქვს.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იზრდება თუ არა უვიზო მიმოსვლის პირობებში, მაგალითად, იმ ტიპის მოძრაობის რისკი, რაც რუსეთის მხრიდან არა ერთხელ გვსმენია, რომ გარკვეული ტერორისტული ჯგუფები საქართველოს გავლით ახდენენ რუსეთში შესვლას და ა.შ და დგას თუ არა ამ ვითარებაში თუნდაც ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის კომუნიკაციის აუცილებლობა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ურთიერთობა არის ჟენევის ფორმატში და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ამით შემოიფარგლება, ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა საფრთხის არიდებას, ამას ქვეყნის შიგნით უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები, რომ ასეთი რისკების წარმოშობა არც კი მოხდეს.