კახა ლაბუჩიძე - ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზარალებულია რამდენიმე ოჯახი, მზად ვართ, ყველანი უზრუნველვყოთ საცხოვრებლით
კახა ლაბუჩიძე - ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზარალებულია რამდენიმე ოჯახი, მზად ვართ, ყველანი უზრუნველვყოთ საცხოვრებლით

გვაქვს ეჭვი, რომ ვაზისუბანში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, აფეთქება მოხდა ერთ-ერთ ბინაში, სადაც ცხოვრობდა ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ახლა არის კლინიკაში, უწევენ ყველა სახის დახმარებას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.

ლაბუჩიძის თქმით, ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ სამი დაშავებულია.

„ჩემი ინფორმაციით, სრულად ინფორმირებულები იყვნენ, როდის მოხდებოდა გაზის გათიშვა-ჩართვა. 15:00 საათზე ჩაირთო გაზი გაფრთხილების შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად ამ ბინაში რა მოხდა, ამის თქმა არ შემიძლია. ახლა მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღწერა. ჩვენ მზად ვართ, ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით, ვიდრე მათ სახლებში ცხოვრება იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის ოთხი ბინაა, შეიძლება, უფრო მეტია. სავარაუდო ზარალზეც ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა ლაბუჩიძემ.

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა.