მამუკა ბახტაძე - ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ საქართველოს მისწრაფებების შესაფერხებლად
მამუკა ბახტაძე - ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ საქართველოს მისწრაფებების შესაფერხებლად

ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების, ამ შემთხვევაში საქართველოს მისწრაფებების შესაფერხებლად; მოგეხსენებათ, ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს, ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

მისი შეფასებით, შეერთებული შტატებიდან სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ნეგატიური ტენდენციით ხასიათდება.

„სამწუხაროდ, ვინმემ შეიძლება, ისიც თქვას, რომ ამერიკული კომპანიების მხრიდან გამქრალი ეკონომიკური ინტერესის მომსწრენიც ვართ რეგიონში ჩამქრალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, მაგრამ ეს გარკვეული მიზეზებით არის განპირობებული. მათ შორის მთავარი ის გახლავთ, რაც კვლევებითაც დასტურდება და მეტყველებს ამერიკული კომპანიების ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების არქონაზე, რითაც კონკურენციაში შევიდოდნენ აზიურ და რუსულ კომპანიებთან. პრინციპში, ეს იყო მიზეზი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩემი მთავარი მიზანიც ეს იყო: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე მინდოდა ამეყვანა ეკონომიკური თანამშრომლობის საშუალებით, რადგან ნათლად ვხედავ, რომ მყარი ეკონომიკური საფუძვლის გარეშე ძალიან რთული იქნება მდგრადი, მაღალი დონის, პოლიტიკური ურთიერთობის წარმოება, რადგან ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების, ამ შემთხვევაში საქართველოს მისწრაფებების შესაფერხებლად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს. ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა, თუნდაც გამოწვევებით სავსე, შეიძლება, შესაძლებლობებსაც გვაძლევდეს ამ მიმართულებით. ეს იყო მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ჩემთვის და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრებისთვის, როდესაც ამ ორგანიზაციას ვაფუძნებდით. საუბარი მაქვს ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდზე, რომელიც მოახდენს ძალიან ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობის იდეის განვითარებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:

მეთ კენედი – Converge-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;

სტუარტ აკერლი – ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი;

ქალებ ჩარლზ მაკკარი – ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი; მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ;

დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;

ლევან ავალიშვილი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;

ირინა ლორთქიფანიძე – აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაერო-ს პროექტების ფარგლებში.