მამუკა ბახტაძე ძიუდოისტებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ძიუდოისტებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს, გურამ თუშიშვილს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს – ვარლამ ლიპარტელიანსა და ამირან პაპინაშვილს შეხვდა.

პრემიერმა პირადად მიულოცა გამარჯვება ქართველ ძიუდოისტებს და შემდგომი წარმატება უსურვა მათ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული სპორტის განვითარების პერსპექტივაზე, ქართველ სპორტსმენთა სამომავლო გეგმებსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა და 124 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე გავიდა იაპონიისა და კორეის შემდეგ. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდგომ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.