არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია და იმ პატარა სამოთხეში ცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატების, სიკეთისა და ბედნიერებისთვის, – ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე.
პრემიერის თქმით, ამ პატარა ერს, უძველესი ისტორიითა და უმდიდრესი კულტურით, ქრისტიანული ღირებულებებით, რომლებიც IV საუკუნიდან იღებს სათავეს, დღესაც ასევე უძგერს გული და მზად არის, თავისი სიტყვა თქვას კაცობრიობის ბედნიერებისთვის.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელსაც 500-წლიანი ისტორია აქვს, საპატიო სტუმრის სტატუსით ვართ წარმოდგენილი. ამ პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ფართოდ წარმოვაჩინოთ უძველესი და მდიდარი ქართული კულტურა და ამავე დროს, დავანახოთ ყველას ის ცივილიზაციური ერთობა, რომელიც ქართველებს ევროპელებთან გვაკავშირებს.
ქართული კულტურის უნიკალურობა და მრავალფეროვნება განაპირობა საქართველოს მდებარეობამ, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იყო ცივილიზაციათა შეხვედრის, კულტურათა დიალოგის ადგილი ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე. XI-XII საუკუნეების საქართველო უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროს მონაპოვარს და ყველა მიღწევას იყო ნაზიარები. თუმცა, მასზე განსაკუთრებული კვალი სწორედ ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელმა ეპოქამ დატოვა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ევროპული იდენტობა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, რამდენადაც მრავალფეროვანია საქართველო, იმდენად მდიდარი და საინტერესოა იგი და დღესაც ღიაა ყოველგვარი პროგრესულისა და ახლის მისაღებად.
„ამიტომაც არის დღევანდელი საქართველო თანამედროვე ქვეყანა თავის ისტორიითა და ამავე დროს თვითმყოფადი კულტურით. საბედნიეროდ, ევროპული საზოგადოება კარგად აცნობიერებს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ ამას ემსახურება ისეთი სივრცეების შექმნა და შესაძლებლობების გაჩენა, როგორიც არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა.
მოგეხსენებათ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ძალიან დიდ როლს ასრულებს მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში და ჩვენც, როგორც უძველესი და მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის ქვეყანა, მზად ვართ, წარვდგეთ და წარმოვაჩინოთ როგორც ათასწლეულების განმავლობაში ფორმირებული ჩვენი კულტურა და ცივილიზაცია, ისე თანამედროვე მწერლების, პოეტებისა თუ შემსრულებლების შემოქმედება როგორც ამ მემკვიდრეობის საინტერესო გაგრძელება“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში გერმანიის მასშტაბით საქართველომ წარმოადგინა სრული რესურსი ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, მხატვრობის, კინოს, ფოლკლორის და სხვა მიმართულებებით.
„ანბანით მოთხრობილი საქართველო, – სწორედ ამ სლოგანით გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც მას ისტორიულ კონტექსტში წარმოაჩენს და დღევანდელობის პრეზენტაციასაც ახდენს ღირსეულად. ცნობილია, რომ ანბანი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა. ამიტომაც გვაქვს ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიამაყე ჩვენი ანბანის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალურია. სწორედ ამ ანბანით შეიქმნა ჩვენი დამწერლობა, ქართული ლიტერატურა, რომელიც V საუკუნიდან იღებს სათავეს და შესაბამისად, 15-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
საქართველოს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ჰქონდა რენესანსის ხანა. ამ ეპოქის გვირგვინია სწორედ თანამედროვე ევროპულ ღირებულებებზე აგებული ლიტერატურული ძეგლი – „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ქართველებისთვის ბიბლიის ტოლფასი წიგნია და საქართველოს სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში. სწორედ ვეფხისტყაოსანმა, რომლის ხელნაწერები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, განსაზღვრა ერის ზნეობრივი იდეალები, მისი მსოფლმხედველობა, ქართული სული და ხასიათი. ჩვენ სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობაზე გამოსაფენად ჩამოვიტანეთ ახალი, ორიგინალური ჭედური ყდით დამშვენებული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი, რომელიც საბოლოოდ გაეროს არტკოლექციაში დაიდებს ბინას, როგორც ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო ქმნილება.
ჩვენ ასევე გვაქვს ქართული წიგნის ბეჭდვის მდიდარი და ძალიან საინტერესო ისტორია, მრავალსაუკუნოვანი მთარგმნელობითი სკოლა და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. სასიხარულოა, რომ საზღვარგარეთ საგრძნობლად არის გაზრდილი ინტერესი თანამედროვე ქართული მწერლობის მიმართ. ქართველმა ავტორებმა ასე მასშტაბურად პირველად გაარღვიეს შეიძლება ითქვას ენობრივი საზღვრები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღეს უკვე ერთგული მკითხველებიც ჰყავთ.
მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად, ჩვენ მოგვეცა საშუალება წარმოგვედგინა როგორც ქართული მეცნიერების დღევანდელი მიღწევები, ისე საუკუნეების განმავლობაში შექმნილი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, კლასიკური მუსიკა, ქართული კინოს 110-წლიანი ისტორია, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპულს, ასევე სამეცნიერო სკოლა და ის აღმოჩენები, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ცალკე სიმაღლეა ქართული პოლიფონია, რომელიც იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
„40 წლის წინ, როდესაც ხომალდმა „ვოიაჯერმა“ კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები კოსმოსში, უსასრულო სივრცეში გაიტანა, მათ შორის იყო ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“, რომელიც ქართველი ადამიანის სულის ძახილია!
ქართულ კულტურაზე როცა ვლაპარაკობთ, არ შეიძლება აქვე არ ვახსენოთ მისი განუყოფელი ნაწილი – ღვინო, რომლის დაყენების 8000-წლოვანი უწყვეტი ისტორია საერთაშორისო დონეზე მეცნიერულად დასაბუთდა და საქართველო ღვინის სამშობლოდ იქნა აღიარებული. ჩვენმა ერმა თავის მცირე ტერიტორიაზე წარმატებით მოახერხა თითქმის 500 ვაზის ჯიშის მოშინაურება და კულტივაცია. დღეს საქართველო მთელ მსოფლიოს უზიარებს თავის განსაკუთრებული ღვინის სახეობებს. დღეს, როცა საქართველო უბრუნდება თავის ერთადერთ ოჯახს – ევროპას, კულტურას, რომლის ნაწილიც იყო, მაგრამ გარკვეული დროის მონაკვეთში მოწყვეტილი იყო ევროპულ ოჯახს, ის ასევე უერთდება ევროპულ მეღვინეობას.
ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური ქართული მეთოდი იუნესკო-მ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ქვევრი ქართული ისტორიისა და კულტურის სიმბოლოა, ხოლო ღვინო და ვაზი მთავარ ხაზად გასდევს ქართულ ორნამენტებს, ზეპირსიტყვიერებასა და ჩვენს სიმღერას.
სიმბოლურია, რომ საქართველო საკუთარ ლიტერატურასა და კულტურას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე წარუდგენს ევროპას.
100 წლის წინ საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა და შესაბამისად, ჩვენი ერის მომავალი განსაზღვრა. საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰყავდა მრავალპარტიული პარლამენტი, ხოლო კონსტიტუციას სწორედ ის ღირებულებები, პრინციპები და იდეალები დაედო საფუძვლად, რომლებიც ჩვენთვის და თითოეული თქვენგანისთვის დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 100 წლის წინანდელ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე 5 ქალი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი.
„ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია და ასი წლის შემდეგ საქართველო, ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობით, მტკიცედ განაგრძობს ამ გზაზე სვლას. საქართველოს ყველა მიღწევა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რეგიონში ლიდერის პოზიცია სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასე ფართოდ წარვადგენთ საქართველოს გერმანიაში, ქვეყანაში, რომელმაც 100 წლის წინ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე, გერმანიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირებაში. თუმცა, კულტურული და სულიერი სიახლოვე ქართველებს და გერმანელებს შორის ბევრად ადრე, 200 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოში პირველი გერმანელები დასახლდნენ. ამ 200-წლოვან ურთიერთობას ჩვენი ორი ქვეყანა ერთობლივად აღნიშნავს მთელი 2018 წლის განმავლობაში. ეს კავშირი სულ უფრო მტკიცე, მყარი ხდება და ახლო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაშია გადაზრდილი. გერმანია განვითარების ყველა ეტაპზე გვერდში ედგა საქართველოს. ის 27 წლის წინაც პირველი იყო, ვინც აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დიდი მადლობა ამისთვის.
გერმანია რიგით პირველი პარტნიორი ქვეყანაა საქართველოსთვის პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, სამართლებრივ, ასევე კულტურის, განათლებისა და საზოგადოებრივ სფეროებში. ის კვლავ უპირობოდ გვიდგას გვერდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ – საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ფასდაუდებელია გერმანიის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სულ ახლახან ფედერალური კანცლერის, ქალბატონ მერკელის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ამ უპირობო მხარდაჭერის ძლიერი დასტურია.
მე მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და ერთმანეთის საიმედო დასაყრდენად გვაქცევს.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისი ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი ასეთი მრავალფეროვანი პროგრამის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ფრანკფურტის ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ხელს შეუწყობს ევროპასთან საქართველოს კულტურულ ინტეგრაციას და ჩვენს ურთიერთობებს სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველო არის და მუდამ იქნება თქვენს გვერდით, რასაც ჰქვია ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა ადამიანისთვის, როგორც მთავარი ფასეულობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად სიმბოლურად ჩაქუჩის დარტყმით გაიხსნა.