საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.
მანამდე გაიმართება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.
კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტრო – იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება.
დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას – ჯანდაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება.
წინასწარი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა, ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ.
მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობიდან თანამდებობას რამდენიმე
მინისტრი შეინარჩუნებს, რომელთა შორის სავარაუდოდ იქნებიან – თეა წულუკიანი, ქეთევან ციხელაშვილი, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი, დავით ზალკანიანი, დავით სერგეენკო, ლევან იზორია.
სავარაუდოდ, მინისტრის პოსტიდან წასვლა მოუწევს – მიხეილ ჩხენკელს, სამინისტროების გაერთიანებიდან გამომდინარე მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ აღარ იქნებიან – მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი და კახა კახიშვილი.
საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.