არჩილ თალაკვაძე - „ქართულ ოცნებას“ ცხრა დღე აქვს, რომ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს, გუნდში უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს
არჩილ თალაკვაძე - „ქართულ ოცნებას“ ცხრა დღე აქვს, რომ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს, გუნდში უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის ახალი შემადგენლობა ცხრა დღეში უნდა წარუდგინოს. მისი თქმით, ამის შემდეგ პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის ხუთი დღე აქვს.

სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. მან თავის საჯარო ბრიფინგში განმარტა მიზეზები. ორი კვირის ვადაში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა უნდა გამოუცხადოს. არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას ცხრა დღიანი ვადა აქვს, რომ პარლამენტს წარუდგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობა. შემდეგ უკვე დარჩენილი ვადა ეკუთვნის პარლამენტს, რომ დაასრულოს მთავრობის ფორმირება და ნდობა გამოუცხადოს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები უკვე იწყება.

„პოლიტიკურ გუნდში უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში. შემდეგ პარლამენტის თითოეულ წევრს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს ახალი პროგრამის განხილვაში და მიიღოს გადაწყვეტილება ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ერთიანია და ყველა სახელმწიფო დაწესებულება უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

„პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში, რათა ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, დესტაბილიზაციის არანაირ მცდელობებს არ დავუშვებთ. ამის მნიშვნელოვანი გარანტია არის სწორედ საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.