მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მთლიანი ავტომაგისტრალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდეს
ქობულეთის შემოვლითი გზა, რომლის მეორე მონაკვეთი დღეს გაიხსნა, სატრანზიტო-სატრანსპორტო მიმოსვლას გაზრდის, მინიმუმ 30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, ასევე, შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის გახსნისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული მონაკვეთი ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია.
„დღეს დასრულდა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ვხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, რომელიც ამავე დროს, ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განმარტებით, დღეიდან სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან აღნიშნულ ახალ გზაზე გადაერთვება.
„ეს გახლავთ 32 კილომეტრიანი გზა, ორი გვირაბითა და 15 ხიდით, მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე გახლავთ თითქმის 1200 მეტრი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და პროექტის დაფინანსებისთვის აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა.
ასევე, ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის კონტრაქტორსა და მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს. პრემიერის შეფასებით, სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ მსგავსი მასშტაბური სამუშაოები დადგენილ ვადაში წარმატებით შესრულდა.
„მოგეხსენებათ, როგორ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის გზა, რომელიც სარფის საზღვრისკენ, ბათუმისა და ფოთის პორტებისკენ ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადიოდა. დღეიდან ამ ზონაში სრულიად სხვა რეალობა იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ბოლომდე მიყვანა.
„ჩვენი მიზანია, მთელი ავტომაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათანადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის. ჩვენ გვჭირდება ისეთი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და სხვა ტიპის აქტივობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ლიბერალური საგადასახდო პოლიტიკა, საპატრულო პოლიციის მხრივ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები, საავტომობილო ქსელის, გზების მდგომარეობა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ამ აქტივობების შედეგია ის, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, საქართველოზე გამავალი უმოკლესი მარშრუტი გახდეს უფრო მიმზიდველი საერთაშორისო გადამზიდი კომპანიებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში, პროექტი განსაზღვრულ ვადაში და წარმატებით სრულდება .
ამასთან, მისი ინფორმაციით, პროექტიდან მიღებული ეკონომია ადგილზე განათლების ორგანიზებასა და აჭარის მაღალმთიან რეგიონში დაახლოებით 8 კილომეტრი გზის დაგებას მოხმარდება.
„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეროვნული მნიშვნელობის გზების პარალელურად, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი დღე გაიხსნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.