ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთ-ერთი ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხი მოზარდია.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ორი ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. მათივე ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფ ორი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

„კლინიკაში ოთხი ბავშვი შემოიყვანეს. სამი მათგანი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ სხვადასხვა დაზიანება აქვთ. ერთი ბავშვი გადაუდებელ განყოფილებაში იმყოფება. თავს კარგად გრძნობს. როგორც ვიცით, ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.