მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობის შემცირების შემთხვევაში, საქართველო სუვერენულ რეიტინგში დაწინაურდება, რაც ეკონომიკაში უფრო იაფი ფულის შემოტანის შესაძლებლობას მოგვცემს
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობის შემცირების შემთხვევაში, საქართველო სუვერენულ რეიტინგში დაწინაურდება, რაც ეკონომიკაში უფრო იაფი ფულის შემოტანის შესაძლებლობას მოგვცემს

ჭარბვალიანობის შემცირების შემთხვევაში, საქართველო სუვერენულ რეიტინგში დაწინაურდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეკონომიკაში უფრო იაფი ფული შემოვიტანოთ და სამომხმარებლო სესხებისა თუ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების ნაწილში უფრო იაფი ფული მივცეთ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აისახება თუ არა დაგეგმილი რეფორმები ნეგატიურად ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც ამას კერძო ბანკები ამბობენ, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ გვერდითი ნეგატიური ეფექტი ნებისმიერ რეფორმას აქვს, მაგრამ ეს არის რეფორმა, რომელიც მრავალ განზომილებაში პოზიტიურია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ჩვენ გვჭირდება ზრდაში მეტი ინკლუზიურობა, ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჭარბვალიანობა შევამციროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკთან კოორდინაცია არსებობს, რადგან ცალკე ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს ან მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მხოლოდ თავისი უწყების ფარგლებში საშუალება არ აქვს, არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

„კოორდინაცია არსებობს არა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. გადაწყვეტილებების მიღება ერთობლივი ანალიზის, ძალისხმევის შედეგად მოხდა. სამართლებრივად, გარკვეული ნაწილის დარეგულირება მთავრობას ეკუთვნის, გარკვეული ნაწილის კი ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს საერთო სტრატეგიაში უნდა იყოს მოქცეული, რადგან ცალკე აღებული ფრაგმენტული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს“, – განაცხადა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი წესები წარადგინა, რომლებიც მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.