მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ კორნინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორ კორნინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის 2019 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოსადმი დახმარების 105-დან 125 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, ქვეყნის რეგიონულ როლს და ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის მიმართულებით არსებულ პოტენციალს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნეს, რომ საქართველო არის აშშ-ის საიმედო დასაყრდენი რეგიონში.
სენატში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.