მამუკა ბახტაძე - ამერიკელი პარტნიორები მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ ღრმაწყლოვან პორტს, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი
ნატო-სთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ნაბიჯები, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს შეუცვლელი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში.
„შავი ზღვა ნატო-სთვის არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. მე ვიტყოდი, შეუცვლელი როლი. შესაბამისად, ჩვენ ნატო-სთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ნაბიჯები, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი.
„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს. რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ასევე ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.