მამუკა ბახტაძე - აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა, რომ ანგარიშვალდებულება პარლამენტისა და ქართული საზოგადოების წინაშე იყოს მაღალი
აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების წინაშე იყოს ყველაზე მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებს პარლამენტის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის თემაზე აქტიური დიალოგი მიმდინარეობს როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ პარტნიორებთან.
„გასული წლის არჩევნების შემდეგ გადავედით საპარლამენტო მოდელზე და ეს იყო სწორი გზა ჩვენი ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო დემოკრატიაში, სადაც პარლამენტს აქვს განსაკუთრებული როლი, გაუწიოს ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა უწყებებს. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი განაგრძობს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების წინაშე იყოს ყველაზე მაღალი. ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით ამ მოდელზე, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო მოდელი, პარლამენტის გაზრდილი როლით, საუკეთესოა იმისთვის, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.