მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება
მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით შემოდგომაზე საინტერესო წინადადებები იქნება წარმოდგენილი.
„რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ბარიერია, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და იმედს გამოვთქვამ, რომ შემოდგომაზე გვექნება ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის. იცვლება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი და უქმდება ე.წ. ნეგატიური სტატუსი. საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემისას მხოლოდ მომხმარებლის ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნობიან.