ლევან დავითაშვილი - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორებთან, რათა ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია
ლევან დავითაშვილი - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორებთან, რათა ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია თურნავამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბანკებთან, ასევე ბანკების ძირითად ინვესტორებთან, რომლებსაც აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია.

„რთულია, რამე დავამატოთ, რადგან ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამომწურავად არის პასუხი გაცემული ძირითად საკითხებზე. მინდა, ჩემი მხრიდან დავამატო, რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე, კონკრეტულად, საფინანსო სექტორის. მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა მოითხოვს, ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდაა ყველაფერი და ბანკებშიც რეალურად დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა, გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე რომ, რა თქმა უნდა, განგებ ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის უპასუხისმგებლო, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, მათ შორის, კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენს ბანკებში ინვესტორებთან, რათა ჩვენს ძირითად პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.