ლევან ხაბეიშვილი - საქართველოში საბანკო ოლიგარქია დამყარდა
ლევან ხაბეიშვილი - საქართველოში საბანკო ოლიგარქია დამყარდა

რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში საქართველოში როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია და მაფიოზური მმართველობა დამყარდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს აქვს სესხი, ეს არის 2022 წლის მონაცემები.

„2020 წლის მონაცემებით, 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება და ამასობაში უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, ადგენს საბანკო მაფია, ოლიგარქია. ამასობაში, მინდა, კონკრეტული ციფრები გითხრათ – პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგება გავიდა 600 მილიონ ლარზე. 2022 წელს ეს რიცხვი შეადგენდა 2 მილიარდ 10 მილიონ ლარს, ვგულისხმობ წმინდა მოგებას. თუ შევადარებთ 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, აი, მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ბანკების მოგება იყო 134 მილიონი ლარი, 15-ჯერ არის გაზრდილი ბანკის მოგება. უთხარით საზოგადოებას, რა გაიზარდა 15-ჯერ საქართველოში – ეკონომიკა, ხელფასები, შემოსავალი, რომ ბანკის წმინდა მოგება გაიზარდა?“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ყოველდღე, კვირა დღესაც კი, ბანკები ღებულობენ 7 მილიონი ლარის წმინდა მოგებას, ფაქტობრივად, მათი კაპიტალი 30-33 პროცენტ მოგებაზე გადის, როცა კეთილსინდისიერი მოგებისთვის წლის ბოლოს 3, 5 ან 10-პროცენტიანი მოგება ითვლება უდიდეს მოგებად.

„ამიტომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ ოცნებას ევროკავშირში, რადგან იქ ვეღარ გაღლეტ და ვეღარ გაძარცვავთ ხალხს, ვერ იქნება პროცენტი 15 და 20, როგორც არის დღეს. ევროკავშირის ქვეყნებში ეს პროცენტი არის 2, 4, 6 პროცენტი. იპოთეკურ სესხებზე 5-7-ჯერ მეტს იხდის ჩვენი მოქალაქე, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსული ოცნების დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ისე დასრულდება ოლიგარქიული საბანკო მმართველობა ქვეყანაში და მაფია, რომელიც, ფაქტობრივად, წეწავს მოქალაქეებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.