მამუკა ბახტაძე - 2019 წლის მარტიდან ლიზინგისა და ფაქტორინგის ახალი რეგულაციები ამოქმედდება
ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ მუშაობა ლიზინგისა და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება და მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ფინანსური ინსტრუმენტებით უფრო აქტიურად ისარგებლონ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლის კითხვას, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მიმართულებით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლიზინგისა და ფაქტორინგის მიმართულებით ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი წლის 1-ლი მარტიდან შევა.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ჭარბვალიანობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. რა თქმა უნდა, სოლიდარობის აქტი იყო ყველაზე პრინციპული და აღსრულების თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაბიჯი. დანარჩენი შეეხება ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ მოქალაქეების ასეთი რაოდენობა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ლიზინგისა და ფაქტორინგის განვითარების ნაწილში. მცირე მეწარმეები, რომლებიც იყვნენ ე.წ შავ სიაში, ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ლიზინგისა და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.