მამა დავით ისაკაძე - ხელს ნუ შევუწყობთ, მაღაზიაში იყიდებოდეს ნარკოტიკი, როგორც ეს კალიფორნიაში ხდება
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი უნდა გაიწვიონ და ისეთი დოკუმენტი შეიმუშაონ, რომელიც ხელს შეუწყობს არა ადამიანების დაჭერას, არამედ – დახმარებას, – ამის შესახებ წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღოლმა მამა დავით ისაკაძემ განაცხადა. ის არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტის ამ სახით მიღებას საპროტესტო გამოსვლები მოყვეს.
მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარებაზე სახელმწიფოს პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს.
„ეს არის დანაშაული, რომელიც უამრავ ადამიანს დაღუპავს სულიერად და ფიზიკურად. ეს კანონპროექტი მიუღებელია“, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
კანონპროექტის განხილვისას დოკუმენტის ავტორებს წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღოლმა კითხვით მიმართა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობა კანონპროექტის შედეგებზე.
„სასულიერო პირები ვართ და ყველაზე კარგად ვიცით, რამდენი გაუბედურებული მოდის ჩვენთან, რამდენ ადამიანს ვეხმარებით. არ შევუწყოთ ხელი, რომ მაღაზიაში იყიდებოდეს ნარკოტიკი, როგორც ეს კალიფორნიაში ხდება. ასი და ორასი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. ჩემი შვილები, მრევლი რომ გაუბედურდება, ამაზე თქვენ აგებთ პასუხს? ვინ აგებს ამაზე პასუხს“, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე.
რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.
აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე.
იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.