მალხაზ თოფურია დოდო გუგეშაშვილთან დღევანდელ სატელეფონო საუბარს იხსენებს
მალხაზ თოფურია დოდო გუგეშაშვილთან დღევანდელ სატელეფონო საუბარს იხსენებს

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის მალხაზ თოფურიას განცხადებით, დოდო გუგეშაშვილთან დღეს დილას ჰქონდა სატელეფონო საუბარი. მისი თქმით, გუგეშაშვილს საუბრისას საეჭვო არაფერი ემჩნეოდა.

მისივე თქმით, ძარცვის ვერსია გამორიცხულია, რადგან გუგეშაშვილს ეკონომიურად უჭირდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

„ქალბატონ დოდოსთან ურთიერთობა დღესაც მქონდა. დაღუპული და დაჭრილი ვეტერანების შვილების და შვილიშვილებისთვის ღონისძიება იგეგმებოდა, რაშიც ჩართული იყო. ღონისძიება შაბათს უნდა ჩატარდეს და ალბათ, ამ უბედურების მიუხედავად, მაინც ჩატარდება.

ბოლო კონტაქტი დღეს დილითაც გვქონდა, ამ ამბამდე სულ ცოტა ხნით ადრე ტელეფონით ვისაუბრეთ. საქმიანი საუბარი გვქონდა და არაფერი ეტყობოდა, რომ ან აღელვებული იყო ან რაღაცას ელოდებოდა.

მომხდარს ვერაფერს ვუკავშირებ. მეგობრებმა ყველა ვერსია გავიარეთ – მტერი ვინ შეიძლება ყოფილიყო და ვერაფერზე ვთანხმდებით.

ძარცვის ვერსია თავისთავად, ამოვარდნილია, ეკონომიურად გაჭირვებულია და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

წარსულსაც ვერ ვუკავშირებ, ვიცი, რომ საუბარი პირველი პრეზიდენტის მომხრეებზე იქნება, ამას გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ იმ ადამიანებთან იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული და შერიგებული იყო, რომ გამოვრიცხავ.

ყველა გაჭირვებულის ჭირისუფალივით იყო და თვითონაც გაჭირვებული იყო. სულ წინ და უკან დარბოდა. მის ბავშვს ვიცნობდი, ერთი პერიოდი გვარდიაშიც მუშაობდა. ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ექიმი აცხადებს, გუგეშაშვილს ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში აქვს. დღეს დილით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.