მალხაზ სონღულაშვილი - პატრიარქს კარგად ესმოდა საკითხის მნიშვნელობა, რომ ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე თარგმნა იყო საჭირო
კათოლიკოს–პატრიარქს კარგად ესმოდა საკითხის მნიშვნელობა, რომ საჭირო იყო, ბიბლია ახალ ქართულ ენაზე თარგმნილიყო და მიუხედავად იმისა, რომ მას და ამ იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავდა, ბიბლია მისი დაჟინებით მაინც ითარგმნა, – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„40 წლის განმავლობაში მან ძალიან ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ ინტელექტუალურ–კულტურული თვალსაზრისით, ეს ერთ–ერთი თვალსაჩინო მიღწევაა. ეს იყო არჩევანი, რითაც მან საღვთო წერილის ტექსტი მთელ კულტურასთან მიიტანა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება შეფასდეს გარკვეულ ადამიანთა პოზიცია, რომ ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე თარგმნაში არამართლმადიდებლებს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ, მალხაზ სონღულაშვილმა თქვა, რომ ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე თარგმნის პროცესი ბუნებრივი და ლამაზი იყო, რადგან ქართული კულტურისთვის მიმღებლობა და მრავალფეროვნება ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.
„ეს არ იყო მხოლოდ ქრისტიანული პროექტი და მასში ებრაელებიც მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა.
როგორც მალხაზ სონღულაშვილმა აღნიშნა, 23 წლის იყო, როცა პატრიარქმა ბიბლიის თარგმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად იხმო.
„მაშინ პატარა ვიყავი და ისეთ დიდ ადამიანებთან მომიწია მუშაობა, როგორებიც იყვნენ ზურაბ კიკნაძე, ნისან ბაბალიკაშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, ბაჩანა ბრეგვაძე, რამაც საოცარი გამოცდილება შემძინა და ამან ჩემი იდენტობა შექმნა“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.