არქეოლოგებმა ლეგენდარული ბიბლიური წინასწარმეტყველის ბეჭედი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ლეგენდარული ბიბლიური წინასწარმეტყველის ბეჭედი აღმოაჩინეს

ბიბლიური პერსონაჟი ესაია, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა, შესაძლოა, ნამდვილად არსებობდა.

მკვლევრებმა იპოვეს უძველესი დამღის ბეჭედი, რომელსაც „ესაია“ აწერია. გაირკვა, რომ ნივთი ეკუთვნის იმ პერიოდს, როდესაც ბიბლიის მიხედვით ესაია მოღვაწეობდა.

ბულას სახელით ცნობილი ბეჭედი 2700 წლის წინანდელი ოფელის (ძველებრაული შემაღლებული საცხოვრებელი ზონა) ნაგავსაყრელის გათხრებისას იპოვეს. თარიღდება ძვ. წ. მე-8 საუკუნით და ზედ ამოტვიფრულია ებრაელი წინასწარმეტყველის სახელი.

ბეჭდის აღმოჩენის ადგილიდან 3 მეტრის მოშორებით, 2015 წელს იპოვეს იუდეის მეფე ეზეკიას ბეჭედი. ცნობილია, რომ ესაია ეზეკიას მრჩეველი იყო.

„სამეცნიერო არქეოლოგიური გათხრებისას, აღმოვაჩინეთ წარწერებიანი ბეჭედი, რომელიც შესაძლოა, წინასწარმეტყველ ესაიას ეკუთვნოდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარი ეილა მაზარი.

„ეს ბულა აღმოვაჩინეთ იმ ბეჭდის გვერდით, რომელზეც მეფე ეზეკიას სახელია ამოტვიფრული. შესაბამისად, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ის მართლაც ესაია წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიბლიაში აღწერილია შეხმატკბილებული ურთიერთობა ესაიასა და მეფე ეზეკიელს შორის“, — ამბობს მაზარი.

სამწუხაროდ, ბეჭედი გატეხილია. დიამეტრი დაახლოებით ერთი სანტიმეტრია და ზედ ებრაული ასოებით ამოტვიფრულია სახელი „იესჰაიაჰ“ (ესაია). გვერდით მიწერილი აქვს ასოები „ნვი“, რაც ებრაული სიტყვა „წინასწარმეტყველის“ პირველი სამი ასოა.

ეწერა თუ არა ეს სიტყვა სრულად, ძნელი გასარკვევია, რადგან ამ სამი ასოს შემდეგ ბეჭედი გატეხილია, მაგრამ თუ ეს ასე იყო, ბულაზე ამოტვიფრული უნდა ყოფილიყო სიტყვები „ესაია წინასწარმეტყველი“.

„აღნიშნული ასოების დაკარგვა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებასაც, რომ იქ საკუთარი სახელი „ნავი“ ყოფილიყო დაწერილი, თუმცა, სახელი „ისაია“ ნათლად იკითხება“, — აღნიშნავს მაზარი.

შესაძლებელია ისიც, რომ ბეჭედი იმ პერიოდში მცხოვრებ ვინმე სხვა ესაიას ეკუთვნოდა, რადგან ეს სახელი მაშინ საკმაოდ გავრცელებული იყო. ბულაზე ხშირად ატანდნენ მამის სახელსაც. ბიბლიის მიხედვით, ესაიას მამას ნავი კი არა, არამედ ამოზი ერქვა.

მიუხედავად ამისა, თუ ბულაზე მართლაც „ესაია წინასწარმეტყველი“ ეწერა, ეს იქნება ამ ადამიანის არსებობის პირველი მტკიცებულება, თუ არ ჩავთვლით რელიგიურ ტექსტებს, მათ შორის ბიბლიას, რომელშიც მისი მოღვაწეობა აღწერილია „ესაიას წიგნში“.

ამ წიგნის ავტორის ვინაობა უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ის საკმაოდ დაახლოებული უნდა ყოფილიყო მეფე ეზეკიასთან, რომელიც ძვ. წ. 727-698 წლებში მეფობდა. ბიბლიის მიხედვით, ავტორი ესაიაა, რომელმაც ეზეკიას ასურელ დამპყრობლებთან წინააღმდეგობის გაწევა ურჩია და წინასწარმეტყველებდა, რომ იერუსალიმში მათი შეჭრის შემთხვევაში საქმეში ღმერთი ჩაერთვებოდა.

მაზარის თქმით, მართალია, არ შეიძლება ეს ბეჭედი ესაიას რეალურად არსებობის უდავო მტკიცებულებად ჩაითვალოს, მაგრამ აღმოჩენა მართლაც ამაღელვებელია. ეზეკიას ბეჭედთან სიახლოვე და ის ფაქტი, რომ ბულებზე მხოლოდ პიროვნებათა სტატუსს აწერდნენ, სულ მცირე იმის ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა, რომ ბეჭედი ნამდვილად ბიბლიურ ესაიას ეკუთვნოდა.

ასევე შთამბეჭდავია ისიც, რომ წარწერის უკანა მხარეს მიწებებულია ქსოვილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბეჭედი მოთავსებული იყო ნაჭრის ტომსიკაში. გარდა ამისა, დატოვებულია თითის ანაბეჭდიც, რომელიც სავარაუდოდ ბეჭდის პატრონს, ალბათ ესაიას ეკუთვნის.

კვლევა ჟურნალ Biblical Archaeology Review-ში გამოქვეყნდა.

მეფე ეზეკიას ბეჭედი

მომზადებულია prnewswire.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი