პარლამენტის შენობის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარავი გაშალა. მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაში აქციის „სირცხვილია“ მონაწილეები დაეხმარნენ.
პანკისში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დღისით პოლიციის მხრიდან კარვის გაშლაზე უარს პროვოკაციად აფასებს.
„მთელი დღის განმავლობაში თქვენ ყველა ხედავდით, რომ კანონით მონიჭებულ უფლებებს მართმევდნენ. ეს იყო ჩემი პროვოკაციაზე წამოგების პირდაპირი მცდელობა. ზუსტად ამას ცდილობდა საპატრულო პოლიცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს მათზე ხელი აეწია. ეს იყო მათი მიზანი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, თბილისის მერიის განცხადება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ, რომელიც კარვის არ გაშლის მიზეზად დაასახელეს, იყო ტყუილი.
„ჩვენ ვიცოდით, რომ მერიას არ ჰქონდა ეს მითითება მიცემული, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაეტარებინა, მაგრამ მათ ეს ტყუილი გამოიგონეს და ჩემს წინააღმდეგ წამოვიდნენ, რომ რამენაირად გავეღიზიანებინე“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც ხედავთ, ამ ახალგაზრდებისა და კეთილი ადამიანების თანადგომით, კარავი დაიდგა. კანონის საწინააღმდეგო არაფერი მომხდარა. ეს კანონით გათვალისწინებულია და ყველას შეუძლია, კარავი დადგას და გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. კარავს არანაირი ვადა არ აქვს. სანამ მე ვითხოვ სამართალს, მანამდე არის ჩემი კანონი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გეგმავს, პროტესტის ნიშნად კარავი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც განათავსოს.
„მე დღეს აქ დავდგი კარავი, ხვალ როგორმე მოვიძიებ ფულს მეორე კარვისთვის და პირდაპირ დავდგამ ივანიშვილის ეზოსთან“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
25 ივლისს, დღისით, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სამართალდამცავები ამის მიზეზად დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ კი განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს.