მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა
მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა

თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას სურდა კარვის გაშლა და პარლამენტთან პროტესტის განახლება.

„ესენი იძახიან, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამის გამო, ჩვენ კარვის გაშლის ნებას არ გვაძლევენ. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ტარდება. ამ ადამიანებიდან მოდის ეს წინააღმდეგობა, რომ მე კარავი პარლამენტის წინ არ გავშალო. პოლიცია წინააღმდეგობას მიწევს. არანაირი დოკუმენტი ხელში არ უჭირავთ, სამუშაო უნდა ჩატარდეს თუ რამე. მე კარავს დავდგავ. პოლიციას არ ვემორჩილები. მე კანონს ვემორჩილები. კარვის გაშლა ჩემი უფლებაა. რასაც ესენი აკეთებენ ჩემი უფლებების დარღვევაა. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი უფლებები მილიონჯერ დაირღვა. ეს პირდაპირ ადამიანის უფლებების დარღვევააა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

​როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა გოგა მემანიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. გოგა მემანიშვილის თქმით, კარვის გაშლაზე აკრძალვა სწორედ აღნიშნულ რეაბილიტაციას უკავშირდება.

„მერია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ეს ფილები უნდა აიღონ და შეცვალონ. შესაბამისად, ამის გამო არ ვაძლევთ უფლებას, რომ კარავი გაიშალოს. თუმცა აქციის ჩატარების და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილს არავინ არ უშლის. ავუხსენით, რომ კარვის გაშლა მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ. ამას ჩვენ ხელს არ შევუშლით. რეაბილიტაცია ზუსტად როდის იწყება არ ვიცით. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს არ მგონია, რომ პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერმა, თეონა ჭალიძემ განუცხადა, დღის მეორე ნახევარში ისინი თბილისის მერიას მიმართავენ წერილით და პარლამენტის წინ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გამოითხოვონ ინფორმაციას.