მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე სუს-ში მეორედ დაიბარეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე სუს-ში მეორედ დაიბარეს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მეორედ დაიბარეს.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, კითხვები ეხება ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულ პირებთან მალხაზ მაჩალიკაშვილის ურთიერთობებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე მსჯავრდებულ პირს იცნობდა. ერთ-ერთი რამაზ მარგოშვილი მისი მეზობელი იყო, შოიაფ ბორზიევი კი პანკისში სტუმრად მარგოშვილთან იმყოფებოდა და ის ამ გზით გაიცნო.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევთან და მისი დაჯგუფების წევრებთან კავშირი არ აქვს და მისი დაკითხვაზე დაბარებაც უსაფუძვლოა.

„დღეს კიდევ ერთხელ დაიკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. წინა გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყების მხრიდან კითხვები შეეხებოდა უკვე მსჯავრდებულ პირებთან კომუნიკაციასა და ურთიერთობას. მაშინ გამომძიებლებმა თქვეს, რომ კიდევ ჰქონდათ კითხვები, თუმცა რა ტიპის კითხვებია, ეს არ ვიცით. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე საუბრობდა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული, რამაზ მარგოშვილი იყო მისი მეზობელი. ასევე ბორზიევთან და ახმადოვთან ჰქონდა გარკვეული ნაცნობობა, თუმცა მათ ხეობაში სხვა სახელით იცნობდნენ. რაც შეეხება პოზიციას, საგამოძიებო ორგანოს ვკითხეთ, რატომ გახდა ახლა საჭირო მაჩალიკაშვილის დაკითხვა. მათ სამართლებრივი პასუხი არ გაუციათ და თქვეს, რომ გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს.