მალხაზ კობაურის ადვოკატი ამერიკაში სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს
ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამერიკაში გამგზავრებასა და სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს.
კობაიძის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია რაიან სმიტის ძმასთან, ჩარლზ სმიტთან და აცხადებს, რომ აინტერესებს, რას საქმიანობდა სმიტების ოჯახი ამერიკაში.
„შესაძლებელია, ოჯახის წევრები მართლაც ფლობენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება, რაიმე ფორმით ამ საზარელ მკვლელობასთან ასოცირებოდეს ან რაიმე ახალ მტკიცებულებას გვაძლევდეს. მაგალითად, რა წრესთან ჰქონდათ კომუნიკაცია, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ხომ არ ჰყავდათ პირადი მტრები. რაიან სმიტი მკვლევარი იყო, იკვლევდა გარკვეულ ნაშრომებს, მუშაობდა კავკასიის კუთხით და ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლოა, ამ კუთხით გარკვეულწილად ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, მით უმეტეს, რაიან სმიტის ძმას, ჩარლზ სმიტს“, – განაცხადა მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მალხაზ კობაურის საქმეზე თითქმის დასრულებულია.
კობაიძის თქმით, 14 წევრიდან 12 წევრი უკვე შერჩეულია. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები მალხაზ კობაურის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.