მალხაზ კობაურის ადვოკატები ხადას ხეობაში ექსპერიმენტის ნებართვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატები ხადას ხეობაში ექსპერიმენტის ნებართვის მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავენ.
როგორც კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, სურთ, გადაამოწმონ, რამდენად რეალურ გარემოებეbზე მიუთითებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ამასთანავე, ადვოკატები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ კობაური საკანში ექვს უვადო პატიმართან ერთად იმყოფება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
„მინდა, აღვნიშნო ბრალდების მხარის უსუსური პოზიცია. ისინი კვლავ ვერ იღებენ თავის თავზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, მოხდეს ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე გაყვანა და შემოწმება, რამდენად რეალურად შეესაბამება კობაურის ჩვენება საგამოძიებო მოქმედებებში ადრე მიღებულ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კობაურმა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და ფაქტობრივად, არ დასტურდება, რომ ეს რეალობას წარმოადგენს. მან მოგვაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ლოგიკურია. გვინდა, გადამოწმდეს, რამდენად რეალურ გარემოებებზე მიუთითებს კობაური, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ აიღო პასუხისმგებლობა.
დღეს აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ, სასამართლოს მეშვეობით მოხდეს მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოყვანა და ადგილზე ჩაყვანა, შესაბამისად, ამაზე არათუ ბრალდების მხარეს, არამედ სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას. დღესდღეობით კობაური იმყოფება ისეთ პატიმრებთან, რომლებიც არიან უვადოდ მისჯილები. ვფიქრობ, ეს უკვე დარღვევაა, მასზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორ შეიძლება ადამიანი ჯერ არ იყოს გასამართლებული და უვადო პატიმრებთან უშვებდე. მიუხედავად იმისა, რომ კობაური ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განიცდის, როდესაც შენ უვადო პატიმართან ხარ, შესაძლებელია, გარკვეულწილად იმოქმედოს“, – განაცხადა კობაიძემ.
რაც შეეხება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, როგორც კობაურის ადვოკატები აცხადებენ, დასკვნით მტკიცდება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ აქვს ცხედრებთან.
„დასკვნა, ფაქტობრივად, მოსულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი შემხებლობა არ გვქონია. ექპერტიზის პასუხი ისეთია, როგორსაც დაცვის მხარე ვარაუდობდა, რომ კობაურს არანაირი ბიოლოგიური შემხებლობა გვამებთან არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კობაურის პირდაპირი შემხებლობა აღნიშნულ დანაშაულში აბსოლუტურად არ დასტურდება და ბრალდების მხარეს ხელში შერჩენილი აქვს მხოლოდ კობაურის ჩვენება, რომელიც არ არის არგუმენტირებული და თანმიმდევრული. ჩვენ გადავალთ წინასასამართლო სხდომებზე და გადავწყვეტთ, ავირჩევთ თუ არა ნაფიც მსაჯულებს. ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა შეიცვალა აზრი და არც ერთ ადამიანს გაუჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანმა ეს დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა კობაიძემ.