მალხაზ გორგასლიძე - როდესაც საქმე ეხება პირველი პრეზიდენტის ოჯახს, იქ ყველაფერი პოლიტიკურია, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას
მალხაზ გორგასლიძე - როდესაც საქმე ეხება პირველი პრეზიდენტის ოჯახს, იქ ყველაფერი პოლიტიკურია, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას

ცოტნე გამსახურდია არის როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად ძლიერი პიროვნება და იმედი მაქვს, რომ გადალახავს ამ კრიზისს და დაუბრუნდება აქტივობას, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას პარტიის – „თავისუფლების“ წევრმა, მალხაზ გორგასლიძემ განაცხადა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეს საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ გამოიძიებენ და დამნაშავე დაისჯება.

„ყველაზე მთავარია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ არის, პირიქით, გუშინ იყო დადებითი მომენტები მისი მდგომარეობის შესახებ. ცოტნე არის როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად ძლიერი პიროვნება და იმედი მაქვს, გადალახავს ამ კრიზისს და დაუბრუნდება აქტივობას,  დაუბრუნდება საქართველოს ინტერესებს, რომელსაც ემსახურება და,  რომელსაც ის სჭირდება. ეს ის საქმე არ არის, სადაც შეიძლება, ვიღაც რობოტივით მიიყვანო და რამე დააბრალო. იმედი მაქვს, რომ ამას ითავისებენ საგამოძიებო ორგანოები და ყველა შემთხვევაში შეეცდებიან, საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა მალხაზ გორგასლიძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული გამოძიება პოლიტიკური მნიშვნელობისაა.

„ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ გამოძიებას. ცოტნე უბრალო პიროვნება არ არის, ის პირველი პრეზიდენტის შვილია. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა გამოძიების გარდა, ვერავინ ვერაფერს იტყვის. მე ჩემთვის ჩამოყალიბებული ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან არ მაქვს საფუძველი, ვენდო ან არ ვენდო. ყველაფერს აჩვენებს გამოძიება, რადგან ეს ისეთი საქმეა, რომ ხელისუფლებაც ხვდება, რამე ზღაპრის მოგონება აქ არ გამოვა, შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანონიერების თვალსაზრისით და დააპატიმროს ზუსტად ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. როდესაც საქმე ეხება პირველი პრეზიდენტის ოჯახს, იქ ყველაფერი პოლიტიკურია, მაგრამ დანარჩენი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. იმედი მაქვს, ცოტნე გამოვა ამ მდგომარეობიდან და რამეს მოგონებას აზრიც არ ექნება“, – განაცხადა მალხაზ გორგასლიძემ.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ერთი (ტ.ღ.) – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამასთან, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით.