მეცნიერები უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილება სახეობებს ახალი ტერიტორიების ათვისებას აიძულებს და ამ მხრივ ყველაზე საშიშია დაავადებების გადამტანი კოღოები.
თუმცა, ეს სადღაც თეორიულ მომავალში არ არის. ახალი კვლევის მიხედვით, უკვე საუკუნეზე მეტია, მალარიის გადამტანი კოღოები აფრიკაში გამთბარ ზონებს ითვისებენ.
ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბიოლოგმა კოლინ კარლსონმა და მისმა კოლეგებმა სამედიცინო ენტომოლოგთა მიერ ამ დრომდე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მონაცემთა ბაზა გამოიყენეს, რათა ბოლო 120 წლის განმავლობაში აფრიკაში კოღოების გავრცელების ყველაზე გარე მისადგომები შეესწავლათ.
მონაცემთა საფუძველზე, მკვლევრებმა შეაფასეს კოღო ანოფელესის (Anopheles) 22 სახეობის გავრცელების საზღვრები 1989-2016 წლებში. დროის ამ მონაკვეთში მსოფლიო 1,2 გრადუსი ცელსიუსით გათბა, რამაც კოღოებს გავრცელებისათვის ხელსაყრელი ახალი ზონები გაუხსნა.
შედეგად, კოღო ანოფელესმა სამხრეთის მიმართულებით წელიწადში 4,7 კილომეტრით წაიწია, ზღვის დონიდან სიმაღლეში კი წელიწადში 6,5 მეტრით.
ეს მაჩვენებლები გაცილებით დიდი და სწრაფია, ვიდრე 2011 წლის კვლევის შედეგად მიღებული, რომლის მიხედვითაც, სახმელეთო სახეობები პოლუსების მიმართულებით წელიწადში 1,7 კილომეტრით მიიწევენ, პოლისების მხრიდან კი 1,1 მეტრით; ეს მაჩვენებლები იმ დროისათვის დაახლოებით 2-3 ჯერ მაღალი იყო იმაზე, ვიდრე იქამდე მიიჩნეოდა.
ახალი კვლევა კი მიუთითებს, რომ აფრიკული კოღო ანოფელესი იმდენად შორს გავრცელდა, რომ საშუალოდ 500 კილომეტრით უფრო ახლოს არიან სამხრეთ პოლუსთან და ზღვის დონიდან 700 მეტრით უფრო მაღლა, ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისში იყვნენ.
კარლსონის განცხადებით, ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი „მყარი ისტორიული მტკიცებულება“ იმისა, რომ კოღოები გზადაგზა მიჰყვებიან მზარდ ტემპერატურას და უკვე დიდი ხანია, რაც ასეა.
„ზუსტად ის არის, რის ნახვასაც უნდა ველოდეთ, თუკი ამ სახეობას კლიმატის ცვლილება ეხმარება კონტინენტის ცივ ნაწილებში გავრცელებაში“, — ამბობს კარლსონი.
მისივე განცხადებით, კლიმატის ცვლილებისა და მალარიის შესახებ კვლევების უმეტესობა ფოკუსირებული იყო თავად მალარიის გავრცელების დინამიკაზე. ამ კვლევაში კი ისინი უფრო წარსულში წავიდნენ და შეუძლიათ განაცხადონ, რომ კლიმატის ცვლილებამ კოღოების გავრცელებაზე იქამდე მოახდინა გავლენა, ვიდრე მალარია აქტუალური გახდებოდა.
ქარის პირობებში, კოღოებს ერთი ღამის განმავლობაში ასობით კილომეტრზე გაფრენა შეუძლიათ. თუმცა, ეს ცივსისხლიანი ქმნილებები იმდენად მგრძნობიარენი არიან ტემპერატურის, ტენიანობისა და ნალექების ცვლილებების მიმართ, რომ სწორედ ადგილობრივი კლიმატი განსაზღვრავს, სად შეუძლიათ მათ გადარჩენა.
მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება გააფართოვეს კოღოების არა მხოლოდ გავრცელების არეალს, არამედ გაახანგრძლივებს წელიწადში მათი აქტიურობის პერიოდსაც.
აღსანიშნავია, რომ ახალი კვლევა მხოლოდ ანოფელესის გვარის კოღოებს ეხებოდა და როგორც კარლსონი აღნიშნავს, სავარაუდოდ, ასევე მოძრაობენ კოღოს სხვა სახეობებიც. ამის გადაჭრით თქმა მხოლოდ მონაცემთა შეგროვების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
„ვიცით, რომ ასეთი ცვლილებები ჩვენ გარშემო ხდება, მაგრამ ამის მტკიცებულებები საკმაოდ შეზღუდულია“, — აღნიშნავს კარლსონი.
კოღო ანოფელესის გავრცელების ისტორიის შესწავლა დაგვეხმარება აფრიკის რეგიონში მალარიის გავრცელების ცვალებად მახასიათებელთა ახსნაში. ასევე შეიძლება გადაჭრას დიდი ხნის დებატები იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა აფრიკის მაღალმთიან რეგიონებში მალარიის შემთხვევათა რაოდენობა.
ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ მაღალმთიან ზონებში მალარიის შემთხვევათა მატება აიხსნება კონტროლის პროგრამების გაუქმებითა და პრეპარატებისადმი რეზისტენტულობის ზრდით, ზოგის აზრითაც, ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორია ტემპერატურის მატება.
ყველა ეს ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის რესურსების მობილიზებაში. თუმცა, მხოლოდ მალარიის გამო როდი უნდა ვწუხდეთ. კარლსონის წინა კვლევამ აჩვენა, რომ ასევე გადაადგილდება კოღო Aedes-ი, რომელსაც დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნია და ზიკას ვირუსი გადააქვს.
ყველაზე ცუდ სცენარში, Aedes-ის მიერ გადატანილი ვირუსებით შეიძლება დაახლოებით მილიარდამდე ადამიანი დაზარალდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მალარიაზე, რომელიც პლანეტის გათბობასთან ერთად, ასევე მილიარდობით ადამიანს აყენებს რისკის ქვეშ.
„აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალყური სახეობებს, რომლებიც გადაადგილდებიან და ვიფიქროთ, როგორ მოვემზადოთ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების გავლენების შემცირებისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბიოლოგი კოლინ კარლსონი.
კვლევა Biology Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.