მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ სასამართლო დავას იწყებს
მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ („მერსედეს-ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება. მაკა ასათიანი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მკლევარებსა და მაკა ასათიანის მხარეს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.
მაკა ასათიანის ადვოკატის თქმით, ჩნდება კითხვები, რამდენად ობიექტურად და კომპეტენტურად ჩატარდა კვლევა.
„ვერ ვიჯერებ, რომ მიჭირავს ეს ფურცელი და მიწევს კიდევ ერთხელ დავის წამოწყება ახალგაზრდებთან, შეგნებულად აღარ ვასახელებ ორგანიზაციას. არ არის ეს ჩემს ბუნებაში. მე წინა შეხვედრაზე ყველანაირად შევეცადე და მოგეცით შანსი, რომ თავისუფალი არჩევანის შესაბამისად გამოგესწორებინათ ეს შეცდომა, მზად ვიყავი, მეპატიებინა, სიმართლე და სამართალი ხომ ასეთი რამეა, რაც არასოდეს არავის დაუკარგავს. თუ ვინმე უსამართლოს მოიქცა, ყველას პასუხს მოვთხოვ, რადგანაც ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი“, – განაცხადა მაკა ასათიანმა.