ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ საკუთარ მოქალაქესთან სასამართლო დავა წააგო
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ საკუთარ მოქალაქესთან სასამართლო დავა წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ საკუთარ მოქალაქესთან სასამართლო დავა წააგო. საქმე ეხება სარჩელს, სახელწოდებით „გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

მოსარჩელის ვაჟიშვილი, გ.ბ. 2004 წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ამწედან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და ბათუმში საავადმყოფოში მკურნალობის დროს იმავე წლის 14 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა ვაჟის დაღუპვის ფაქტს ექიმების დაუდევრობასა და არასწორ მკურნალობას უკავშირებდა, რის გამოც რამდენიმე წლის მანძილზე აწარმოებდა სასამართლო დავას, ითხოვდა დაზარალებულად ცნობას, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

საქართველოს სასამართლომ აღიარა სამედიცინო შეცდომის არსებობა და კლინიკას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა, თუმცა გარდაცვლილის დედას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. დაზარალებულის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ რამდენიმე დღის წინ სარჩელი დააკმაყოფილა.

ადამიანის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების არაკვალიფიციურობასა და დაუდევრობას, გარდა ამისა, გარდაცვლილის უახლოესმა ნათესავმა, დედამ ვერ მიიღო მორალური კომპენსაცია, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას (სიცოცხლის უფლება), რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება და ასევე მეორე მუხლის დარღვევას, კომპენსაციის თაობაზე სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესში არსებული დეფექტების გამო. საშინაო კანონმდებლობამ აპლიკანტს არ მისცა საშუალება, კომპენსაციის სახით მიეღო არამატერიალური ანაზღაურება, როგორც უახლოეს ნათესავს, რაც ნიშნავდა, რომ მისი უფლებები დამატებით დაირღვა. “-ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ადვოკატი ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მათ აძლევს საშუალებას, სამოქალაქო დავა ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ხელახლა დაიწყონ და მოითხოვონ მორალური კომპენსაცია.

„ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ახლად აღმოჩენილი გარემოებები საშუალებას მოგვცემს დავა ხელახლა დავიწყოთ საერთო სასამართლოებში და მოვითხოვოთ კომპენსაცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, როგორც კი მივიღებთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, სარჩელს თავიდან შევიტანთ. ამასთან მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, აღმოფხვრას ქართული კანონმდებლობის შეუსაბამობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადამიანის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას“,-განაცხადა ემზარ პაქსაძემ.