პირველი არხისთვის „რუსთავი 2“-ის მიერ დავალიანების გადახდის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პირველი არხისა და „რუსთავი 2“-ის დავაზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

მაუწყებელმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა „რუსთავი 2“-მა სააპელაციო სასამართლოში.

პირველი არხის იურისტის, დიმიტრი ბერძენიშვილის თქმით, მაუწყებელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ამასთან, პირველი არხი „რუსთავი 2“-ისგან ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას ითხოვს, რაც გასულ წლებში სხვადასხვა მომსახურების გაწევის შემდეგ დაგროვდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიას საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების ხელშეკრულებებით მაუწყებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში), საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარს, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევროსა (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში) და 141 087 შვეიცარულ ფრანკს (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).

დღევანდელ პროცესს „რუსთავის 2“-ის იურისტები არ ესწრებოდნენ. სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა გასულ წელს დააკისრა.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს, „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივ მაუწყებელთან სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების გადახდა სრულად დააკისრა.